ჟურნალისტებზე თავდასხმა

ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის 1 ადამიანი დააკავეს

ფორმულა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, აღნიშნულმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორებს და მათ ინტერვიუს ჩაწერის საშუალება არ მისცა.

"ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის 17 მარტს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბარში, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი და ოპერატორები მისულები იყვნენ რესპოდენტთან ინტერვიუს ჩასაწერად, რა დროსაც ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ მისცა ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა და ბარის დატოვება მოსთხოვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ფაქტიდან მალევე, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით. საქმეზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, გამოიკითხნენ დაზარალებული ჟურნალისტი და ოპერატორები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ვიდეო ჩანაწერი, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

უმოკლეს დროში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჩვენს მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მხილებული მოქალაქე. ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიება იყოს რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური". - ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანიის რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძეც ყვება, რომ ისინი აბაშიძის ქუჩაზე კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ ფორმულას თანამშრომლები იყვნენ. 

კომენტარები