რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მელიტოპოლის მერი 9 რუს წვევამდელში გაცვალეს – პრეზიდენტის ოფისი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი 9 რუს წვევამდელში გაცვალეს

"მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი გათავისუფლდა რუსების ტყვეობიდან. მის სანაცვლოდ რუსეთმა მიიღო 2002-2003 წლებში დაბადებული ცხრა ტყვე ჯარისკაცი. ისინი, რეალურად, ბავშვები არიან. წვევამდელები, რომლებიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში არ არიან". - თქვა დარია ზარივნამ. 

მისივე სიტყვებით, ფედოროვს არწმუნებდნენ, მათთან ეთანამშრომლა, თუმცა მელიტოპოლის მერი არ დათანხმდა.

ფედოროვი ოკუპანტებმა 12 მარტს გაიტაცეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტები მელიტოპოლის მერს აწამებდნენ, რათა რუსეთის მხარდამჭერი ვიდეო გადაეღო. ოკუპანტებმა უკვე აირჩიეს ივან ფედოროვის "შემცვლელი", ახალი მერი, რომელმაც ხალხს ახალი რეალობის შეგუებისკენ მოუწოდა. უკრაინის ხელისუფალმა შერჩეულ კანდიდატს უკვე მიუსაჯა უვადო პატიმრობა და ქონებაც ჩამოართვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები