ქართული ოცნება

"მთავარსარდალი ქვეყანაში უნდა იყოს, ვიზიტებზე უარი ვუთხარით" – პრემიერი ზურაბიშვილზე

კითხვაზე, თუ რატომ უთხრეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უარი დასავლეთში ვიზიტებზე, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "მთავარსარდალი უნდა იყოს ქვეყანაში".  

"რატომ არ მისცა მთავრობამ თანხმობა სალომე ზურაბიშვილს - ძალიან მარტივი პასუხი არსებობს ამასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი არის ვალდებული, რომ საკითხი შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან. მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმისა და განხორციელების დროს. 

მაშინ, როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე მიმაჩნდა, მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნდა, მიაჩნია დღესაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. აქვე დავამატებდი, რომ ისევ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი და აღასრულებს, განახორციელებს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობასთან. მე მგონი, აქ ყველაფერი ნათელია". - ამბობს ღარიბაშვილი.  

ქართული ოცნება პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს. პარტიის განცხადების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის "კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და საფუძველს მოკლებული განცხადებები" განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. 

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მთავრობამ ევროპის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებზე წერილობითი უარი უთხრა და მათ დასაგეგმად პირადი კონტაქტები გამოიყენა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ ზურაბიშვილმა ვიზიტებზე სიმართლე თქვა, კონსტიტუცია დაარღვია და, მისივე სიტყვებით, პარტია საკითხში "გაერკვეოდა". 

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისა და ქართული ოცნების წევრების მიერ მისი გაკრიტიკების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ არ ჰგონია, საქმე მის იმპიჩმენტამდე მივიდეს. 

კომენტარები