უკრაინის დაზვერვის ცნობით, ომის გაგრძელების მომხრე რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანია, დანარჩენი სამხედროები კი ომის სეჩერებას სხვადასხვა გზით ცდილობენ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, ომის გაგრძელების მომხრე მხოლოდ პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ არიან.
"რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიგნით დიდი პრობლემები დაიწყო. რეალურად, ახლა მხოლოდ ორი ადამიანია, ვინც პირდაპირ არის ომის გაგრძელების მომხრე. ყველა დანარჩენი ცდილობს მის შეჩერებას.
ომის გაგრძელების მომხრე აბსოლუტურად ღიად ორი ადამიანია - პუტინი და შოიგუ. რუსი გენერლებიც კი, ძირითადად, წინააღმდეგნი არიან". - ამბობს კირილ ბუდანოვი.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.





