ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი, თაზო დათუნაშვილი ივანიშვილის მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში ცვლილების შეტანას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართული ოცნება სოციალური დახმარების სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
დათუნაშილის ინფორმაციით, 2026 წლის მაისის მონაცემების მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულია 605 033 სოციალურად დაუცველი მოქალაქე, მიმდინარე წლის იანვრიდან კი მათი რაოდენობა 105 000-ით შემცირდა.
"ქართული ოცნება აგრძელებს სოციალური სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას და სოციალური დახმარების სისტემას მთლიანად პოლიტიკური დღისწესრიგის სამსახურში აყენებს. 2026 წლის მაისის მონაცემების მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულია 605 033 სოციალურად დაუცველი მოქალაქე, ვინც იღებს სახელმწიფო შემწეობას. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 105 000 ადამიანით შემცირდა, ხოლო ხელისუფლება მათი რაოდენობის კიდევ უფრო შემცირებაზე საუბრობს.
რამდენიმე კვირის წინ ირაკლი კობახიძემ თავად აღიარა, რომ 2022 წლიდან დღემდე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაზე 376 000 000 ლარი დაიხარჯა და 30 000 ე.წ. სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს ნიშნავს, რომ ასობით მილიონი ლარი გაიფლანგა ისე, რომ სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით შედეგი არ მიგვიღია. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ქართული ოცნება სახელმწიფო ბიუჯეტს საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინსტრუმენტად კი არა, პარტიულ რესურსად განიხილავს. ძალიან მძიმე აღსაქმელია და მარტივი პოლიტიკური პასუხი სჭირდება ამ ყველაფერს." - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ბრიფინგზე ასევე აღნიშნეს, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანის რაოდენობის ასეთ მოკლე დროში შემცირება შესაძლოა ნიშნავდეს ორ რამეს: 1. ეს ადამიანები ხელოვნურად იყვნენ დამატებული ბაზაში; 2. ირაკლი კობახიძემ ის მოქალაქეები დატოვა სახელმწიფო დახმარების გარეშე, რომლებიც შემწეობაზე იყვნენ დამოკიდებულები.
"100 000-ით შემცირება სოციალურად დაუცველი ადამიანის რაოდენობის ასეთ მოკლე დროში ნიშნავს რამდენიმე რამეს: 1. ეს ადამიანები ხელოვნურად იყვნენ დამატებული და ხელოვნურად იღებდნენ დახმარებას, პოლიტიკური ნიშნით თუ სხვა მიზნით, კორუფციული თუ ა.შ. ანუ ასობით მილიონი ლარი იფლანგებოდა ამაში. ან ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ და შემწეობაზე დამოკიდებულები არიან, ისინი შეამცირა 100 000-ით და 100 000 საქართველოს ასეთი მოქალაქე უკიდურეს სიღარებიში ჩააგდო ისე, რომ სახელმწიფო მათ არ ეხმარება. პირველ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც, ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
პირველის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომ 100 000 ადამიანი ტყუილად იყო ჩაწერილი საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებულ სოცუალური დახმარების პროგრამაში. მეორე შემთხვევაში, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა საქართველოს იმ 100 000 მოქალაქისადმი, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს დახმარება, მაგრამ სახელწმიფო არ ეხმარება. ამას ემატება ის 30 000-კაციანი აბსოლუტურად მოგონილი და ფალსიფიცირებული სახელმწიფო დასაქმების პროგრამა, რომელზეც პლუს კიდევ 400 000 ლარამდე არის დახარჯული. ჯამში, ჩვენ ვიღებთ ქართული ოცნების 15 წლის თავზე, ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქის გადასახადები გაფლანგა და საქართველოს ბიუჯეტი არამიზნობრივად ხარჯა." - განაცხადეს ლელო-ძლიერი საქართველოს ბრიფინგზე.




