საშუალო თვიური ხელფასი

2026 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2 363.8 ლარია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით (193.7 ლარით) გაიზარდა და 2 363.8 ლარი იყო. 

მათივე ცნობით, 2026 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 901.8 ლარი, ხოლო კაცების - 2 836 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.7 ლარი (9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 234.7 ლარი (9%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

მონაცემები შემცირებულია 2025 წლის IV კვარტალთან შედარებით. 

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5 952.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 7.9%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 290.7 ლარი (გაიზარდა 3.1%-ით);
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 3 230.4 ლარი (გაიზარდა 11.8%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 186.0 ლარი (გაიზარდა 7.1%-ით).

საქსტატის ცნობით, 2026 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 166.3 ლარით (7.7%) და 2 335.9 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 358.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 2.4%-ით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 632.7 ლარი, გაიზარდა 6.8%-ით).

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2026 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.8 ლარით (11.2%) გაიზარდა და 2 413.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

 

კომენტარები