რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Mediazona-ს ჟურნალისტი, დევიდ ფრენკელი წერს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

დამოუკიდებელი რუსული მედიის, Mediazona-ს ჟურნალისტი, დევიდ ფრენკელი წერს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაციას ის და მისი ცოლი, ვარია ზლოი Twitter-ის საშუალებით ავრცელებენ.

როგორც ჟურნალისტი წერს, ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთაზე უარის თქმამდე, მესაზღვრეები სხვადასხვა ადამიანებთან რეკავდნენ და ეკითხებოდნენ, თუ როგორ მოქცეულიყვნენ.

"მომწონს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება წერს, რომ ყველა უარის გადაწყვეტილებას მესაზღვრეები ადგილზე იღებენ. 14 საათის განმავლობაში ისინი სადღაც რეკავდნენ, მხრებს იჩეჩავდნენ და ხანდახან ბოდიშსაც კი იხდიდნენ იმის გამო, რომ თავადაც არ იცოდნენ და პასუხს სადღაც ზემოდან ელოდნენ. საბოლოო ჯამში უარი მივიღეთ. არ გვაჭმევდნენ, თუმცა ამ საცოდავობის გამო დივანთან მიგვიშვეს". - წერს ფრენკელი.

ვარია ზლოი კი იხსენებს, რომ ისინი 14 საათის განმავლობაში ელოდნენ ქართული მხარის გადაწყვეტილებას დევიდ ფრენკელის შემოშვების საკითხთან დაკავშირებით.

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვიქნებოდი უკანასნელი, ვინც რუსეთს დატოვებდა. თუმცა, იმის კეთება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და იმის თქმა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რუსეთში უკვე სრულიად შეუძლებელი გახდა. დუმილი და დარჩენა კიდევ უფრო შეუძლებელია. 40 საათი საზღვრისკენ მიმავალ გზაში გავატარეთ, 2 დღე ველოდით, როდის გაიხსნებოდა საზღვარი ზვავსაშიშროების შემდეგ. 8 საათი ვიდექით საზღვარზე რუსეთის მხარეს, 14 საათი კი საქართველოს მხარეს – მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემს ქმარს, ჟურნალისტ დევიდ ფრენკელს საქართველოში შემოსვლაზე უარი მიეღო, რომელიც ასე იყო ფორმულირებული – "სხვა მიზეზების გამო"". - წერს ზლოი.

Mediazona რუსული ფემინისტური პანკ ჯგუფის, Pussy Riot-ის წევრებმა, ნადეჟდა ტოლოკონნიკოვამ და მარია ალიოხინა 2014 წელს შექმნეს. გამოცემის მთავარი რედაქტორი რუსი პოლიტიკური ჟურნალისტი, სერგეი სმირნოვი გახლავთ. 

5 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს Дождь-ის ჟურნალისტიც. ჟურნალისტის, მიხაილ ფიშმანის თქმით, საზღვრის გადმოკვეთის უფლება მისცეს მის ოჯახის წევრებს, თუმცა მას არა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ქვეყანაში შემოშვების საკითხს მესაზღვრე წყვეტს და ჟურნალისტმა "რაღაც კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა". 

კომენტარები