რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"საქართველოში ჩემი ქალიშვილები შემოუშვეს, მე – არა" –  Дождь-ის ჟურნალისტი

დამოუკიდებელი ტელეკომპანია Дождь-ის ჟურნალისტი გუშინ, 5 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს. ჟურნალისტ, მიხაილ ფიშმანის თქმით, საზღვრის გადმოკვეთის უფლება მისცეს მის ოჯახის წევრებს, თუმცა მას არა. ამის შესახებ ფიშმანი ფორმულასთან ინტერვიუში საუბრობს.

"საქართველოში გუშინ დილით ჩემს ქალიშვილებთან ერთად ჩამოვედი. ისინი ქვეყანაში შეუშვეს, მე - არა. თავიდან ერთი საათი საზღვარზე გამაჩერეს. მერე პასპორტი მომცეს და მითხრეს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარს მეუბნებოდნენ. ისიც მითხრეს, რომ გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში გავასაჩივრო. ვკითხე, რასთან დაკავშირებით-მეთქი. მითხრეს, რომ როცა ბაქოში დავბრუნდებოდი, საბუთებს მაჩვენებდნენ. წარმოდგენა არ მაქვს, რა საბუთებზე მელაპარაკებოდნენ. 

პასპორტიც კი მას შემდეგ მომცეს, რაც გამოვფრინდი. მიზეზი გაურკვეველი დარჩა. ჩემთვის არავის არაფერი აუხსნია, თუმცა, სხვა საუბრებიდან, სხვა კონტაქტებიდან გავიგე, რომ ყველაფერი ტელეარხ დოჟდთან კავშირის გამო მოხდა". – ამბობს მიხაილ ფიშმანი.

საქართველოში Дождь-ის ჟურნალისტის არშემოშვების შესახებ ინფორმაცია 5 მარტს გავრცელდა. რუსეთში დამოუკიდებელმა ტელეკომპანია Дождь-მა 3 მარტს მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. 1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურ Эхо Москвы-სდა დამოუკიდებელი გამოცემის, Дождь-ის წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. 2 მარტს კი Дождь-ის თანამშრომელთა ნაწილმა, მათ შორის გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ რუსეთი დატოვეს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები