რუსი ოკუპანტების მიერ ლუცკის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი დაიჭრა. ინფორმაციას ვოლინის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, იური პოგულაიკო ავრცელებს.
"დღეს დილით, დაახლოებით, 05:45-ზე, გაისროლეს 4 რაკეტა, რომელსაც, ჩვენი შეფასებით, რუსეთის ფედერაციის არმიის ბომბდამშენიდან ლუცკის სამხედრო აეროდრომზე იყო მიმართულ. ამ დროისთვის გვაქვს ინფორმაცია, რომ დაღუპულია 2 სამხედრო, დაჭრილია 6". - წერს ის.
რუსი ოკუპანტები 11 მარტს დილიდან თავს დაესხნენ ლუცკს, დნეპრსა და ივანო-ფრანკოვსკს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





