კრიმინალი

"პარკირების გამო მამა-შვილს სცემა და ხელყუმბარით დაემუქრა" – დაკავებულს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ მამა-შვილზე ფიზიკური ძალადობის და მუქარის ფაქტებზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და ი.ყ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 8 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, თბილისში, ერთერთ ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, ავტომანქანის პარკირების გამო, მამა-შვილს ა.დ.-ს და გ.დ-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ ამავე კორპუსში მცხოვრებ ა.მ.-სთან. ამ უკანასკნელს შელაპარაკებისას გამოესარჩლა მეუღლე ი.ყ., რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამა-შვილს, ასევე დანით მიაყენა ჭრილობები ორივეს ხელის არეში და ხელყუმბარის გამოყენებით მათ ოჯახს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ი.ყ. 9 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები