რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: ვერ დავუშვებთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ზურგში დარტყმას

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის დიქტატორის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, უკრაინის ომის მსვლელობის დროს, ვერ დაუშვებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ზურგში დარტყმას.

"ვერ დავუშვებთ რუსეთის შეიარაღებული ძალებზე ზურგში დარტყმას. რადგან მათ (მოწინააღმდეგეებმა) ვერ შეძლონ რუსეთის ფედერაციის არმიის მომარაგების ხაზების გაწყვეტა. რადგან მათ ვერ შეძლონ ზურგში შესვლა და რუსებისთვის ზურგიდან დარტყმა". – თქვა ლუკაშენკომ. 

ხვალ, 11 მარტს კრემლში გაიმართება შეხვედრა ალექსანდრ ლუკაშენკოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის. 

როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო, ლუკაშენკომ ფედერაციის ჯარებს შესაჭრელად საყრდენი შეუქმნა და ნება დართო თავდასხმისთვის ბელარუსის ტერიტორიაც გამოეყენებინათ. აქამდე ბელარუსში რუსეთთან ერთად ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდებოდა. ვარჯიშების დასრულების შემდეგ მოსკოვმა ჯარები უკან არ დააბრუნა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები