რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ევროპას გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის გადაკეტვით ემუქრება

ალექსანდრ ნოვაკი

რუსეთი ევროპას გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკად 1-ზე ემბარგოს დაწესებითა და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. ამის შესახებ ისაუბრა რუსეთის ფედერაციის ვიცეპრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა.

"დღეს ევროპას წელში 500 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი სჭირდება, რის 40%-საც რუსეთი უზრუნველყოფს. მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ყველაფრის მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის სანდო პარტნიორი იყო. დღეს გაზპრომი სრულად ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ საკუთარ ვალდებულებებს, ევროპისთვის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით... გვესმის, რომ ევროპის ენერგეტიკული კრიზისთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებისა და ჩრდილოეთის ნაკად 2-ზე შეზღუდვების დაწესების გათვალისწინებით, გვაქვს "სარკისებრი" გადაჭრის სრული უფლება, დავაწესოთ ემბარგო გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, რომელიც დატვირთულია მაქსიმალურ, 100%-იან დონეზე", – თქვა ნოვაკმა.

მან ასევე თქვა, რომ ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ. 

"თუმცა ევროპელი პოლიტიკოსები, რუსეთის მიმართ თავიანთი განცხადებებითა და ბრალდებებით, ამისკენ გვიბიძგებენ", – დაამატა ნოვაკმა.

გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დამტკიცების პროცესი გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 22 თებერვალს შეაჩერა.

ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით ბუნებრივი აირი, ბალტიის ზღვის გავლით, რუსეთიდან გერმანიას, აქედან კი სხვა ქვეყნებს მიეწოდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები