რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საქართველოს საპატრიარქო უკრაინაში 10 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის. საპატრიარქოს ინფორმაციით, უკვე შეგროვდა 10 ტონაზე მეტი პროდუქტი. დახმარების ნახევარი 6 მარტს, ხოლო მეორე ნაწილი შემდგომ დღეებში გაიგზავნება.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მრევლს ეკონომიურად უჭირს, მაინც ყველა ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გაჭირვებაში მყოფი ხალხის დასახმარებლად. ჯერ ერთი კვირაც არ არის გასული და უკვე 10 ტონაზე მეტი პროდუქტი, ტანსაცმელი და 3 000 ერთეული სამედიცინო დანიშნულების ნივთი, მედიკამენტი შეგროვდა. ეს პროცესი კვლავაც უწყვეტად მიმდინარეობს.

ამანათს აწერია: უკრაინელ ხალხს საქართველოს მოსახლეობისგან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ღმერთმა დალოცოს უკრაინა და მშვიდობა მიმადლოს მას". – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები