რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

G7: რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა და გაიყვანოს ჯარი

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე იმსჯელეს და განცხადება გაავრცელეს. ისინი რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის დაუყონებლივი შეწყვეტისა და მათი ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებენ.

"დიდი შვიდეულის ლიდერები კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ აგრესიას უკრაინის მიმართ, რომელშიც ჩართულია ბელარუსის მთავრობაც. რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა, რომელმაც ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას და გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. აგრეთვე, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. ამ აგრესიით, პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთი სრულ იზოლაციაში მოაქცია. გაეროს გენერალურმა ასამბლეამაც დაგმო რუსეთის აგრესია და მათაც უპირობოდ მოსთხოვეს რუსეთს,  გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და თანადგომას გამოვხატავთ ამ ომისგან დაზარალებულებისა და მათი ოჯახების მიმართ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, მათი არჩეული მთავრობისა და გმირი ხალხისადმი. რუსეთს კი მოვუწოდებთ, რომ პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანების უფლებებს. აუცილებელია, რომ  უკრაინის და გაეროს ჰუმანიტარულ სააგენტოებს და სამედიცინო პერსონალს უსაფრთხოდ მიეცეთ ჰუმანიტარული დახმარებების მიწოდებისა და შესაბამისი საჭიროებების მქონე პირებისთვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა.

რუსეთს მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს თავდასხმა, განსაკუთრებით კი ატომური ელექტროსადგურების მიმართულებით. მასზე იერიშის მიტანა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა. მხარს ვუჭერთ ინიციატივას, რომ რუსეთი და უკრაინა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმდნენ.

ადგილი აქვს სამხედრო დანაშაულებს, მშვიდობიანი ადამიანების მიმართ იარაღის გამოყენებას. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოძიებული იყოს, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  მიერ. რუსეთის ქმედებები არ დარჩება პასუხგაუცემელი. აგრეთვე, გავაგრძელებთ მათთვის სანქციების ახალი პაკეტების შემოღებას. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლები პუტინი, მისი მთავრობა, მხარდამჭერები და ლუკაშენკოს რეჟიმი არიან. 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". - ნათქვამია დიდი შვიდეულის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები