რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანდელაკი: უმოქმედობა EU-ში გაწევრიანების შანსის არგამოყენებას, ოკუპაციაზე თანხმობას ნიშნავს

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს მთავრობის უმოქმედობა ევროკავშირში გაწევრიანების შანსის არგამოყენებასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ნიშნავს. 

"მეორე ასეთი ისტორიული ფანჯარა, როგორიც ახლა იხსნება ჩვენი ქვეყნის წინაშე, შესაძლოა, ჩვენს სიცოცხლეში აღარ გაიხსნას. ახლა საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ფოკუსირებული დასავლურ სანქციებსა და დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის საკითხის მოხვედრებით. ეს, სინამდვილეში, ადვილია, იმიტომ, რომ ასეთი კონსესუსია რუსეთის საკითხზე, ამას უნდა ცდილობდეს ახლა საქართველოს მთავრობა, რომ საქართველოს საკითხი დასმული იყოს უკრაინის გვერდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა უმოქმედობა უდრის ოკუპაციაზე დათანხმებას, რომ აღარ ვთქვათ ის, რომ ახლა უკრაინაზე თავდასხმა და მისი ხელისუფლების რომელიმე წევრის მარიონეტად გამოცხადება არის შეურაცხმყოფელი უკრაინისთვისაც და ჩვენი საზოგადოებისთვისაც". - ამბობს ის. 

მისივე სიტყვებით, დღეს მთავარი საკითხია, მოხვდება თუ არა საქართველოს დეოკუპაციის საკითხი დასავლურ სანქციებსა და დასავლეთის პოლიტიკის დღის წესრიგში, თუმცა, კანდელაკის შეფასებით, ამისთვის ქართული ოცნება არაფერს აკეთებს, რაც "ეროვნული ინტერესების ცალსახა ღალატია".  

"ახლა, ამ დამანგრეველ და რუსეთის წელშიგარდამტეხ ეკონომიკურ სანქციებში რომ იყოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მოთხოვნა, ეს ცუდი იქნებოდა?! მაგრამ არ არის. ეს არ იქნებოდა საქართველოს ინტერესი?! 

მე მინდა, კითხვით მივმართო ქართულ ოცნებას - რატომ არ არის და ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობის მომენტში, ამ სანქციების ჩამონათვალში რატომ არ არის საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანის, დევნილთა დაბრუნების, თუნდაც ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლით შეწყვეტის ხელშეკრულების განხორციელების მოთხოვნა? მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხვდება, დღეს რაც ხდება, არის 2008 წლის ერთგვარი გაგრძელება. მომდევნო დღეებში კიდევ დავინახავთ როგორი დიდი ძალის მქონეა ეს უპრეცედენტო სანქციები". - ამბობს კანდელაკი.  

კანდელაკის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აღმასრულებელ დონეზე უნდა გამოდიოდეს არა მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ, არამედ იმისთვისაც, რომ საქართველოს საკითხი წინ იყოს წაწეული. 

"სწორედ ესაა მთავარი საკითხი, ამას უნდა აკეთებდეს საქართველო და არ აკეთებს, ეს არის ღალატის ტოლფასი. საქართველოს ხელისუფლება აღმასრულებელ დონეზე უნდა გამოდიოდეს საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინასთან ერთად იმისთვის, რომ არამხოლოდ უკრაინას დავუჭიროთ მხარი, არამედ. პირველ რიგში, იმისთვის, რომ ჩვენი საკუთარი საკითხი წავწიოთ წინ, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი გახდეს დასავლეთის მოთხოვნების განუყოფელი ნაწილი და არ მგონია, რომ ვინმე არსებობდეს, ვინც იტყოდა, რომ ეს იქნებოდა ცუდი. ეს იქნებოდა კარგი, ეს არის მთავარი საკითხი. ამ საკითხს გაურბის ქართული ოცნება, ვითომ საერთოდ არ არსებობს, აქ იშიფრება, რომ მათი პოლიტიკა და საქართველოს ეროვნული, სუვერენული ინტერესები დიდი ხანია დაცილდნენ ამ კრიზისის დროს რუსეთის სატელიტივით". - ამბობს კანდელაკი. 

ქართული ოცნება აპირებს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი დღეს, 3 მარტს წარადგინოს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოცნება საკუთარი საარჩევნო პროგრამის გათვალიწინებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა, არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარადგინოს. 

28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა.

მანამდე, ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. მისი თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე "ამორალური დამოკიდებულებაა". თუმცა, მთავრობისთვის ზელენსკის გადაწყვეტილება "გაუგებარია". მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინის ელჩის გაწვევა "გაუმართლებელი და სრულიად ალოგიკურია" და, მისივე სიტყვებით, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველოს კონფლიქტში ჩარევის, რაც, როგორც კობახიძე ამტკიცებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ხორციელდება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი იმეორებს, რომ ხელისუფლება თანაუგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა.

კომენტარები