რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი ლუკაშენკოს: უარი თქვით, იყოთ რუსეთის ვასალი და თანამზრახველი უკრაინასთან ომში

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მოუწოდა, სასწრაფოდ უბრძანოს რუსეთის ჯარებს, დატოვონ მათი ტერიტორია. მაკრონის თქმით, მოსკოვმა ბელარუსისგან მიიღო მწვანე შუქი იქ ბირთვული იარაღის განსათავსებლად. 

საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლის ცნობით, სატელეფონო საუბარში მაკრონმა წინდაწინ დაგმო გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს მისცემს უფლებას, ბირთვული იარაღი განათავსოს ბელარუსის მიწაზე. 

განცხადების მიხედვით, მაკრონმა ალექსანდრ ლუკაშენკოს უთხრა, რომ ბელარუსსა და უკრაინას შორის მეგობრობამ ბელარუსს უნდა უბიძგოს იმისკენ, რომ "უარი თქვას, იყოს რუსეთის ვასალი და თანამზრახველი უკრაინის წინააღმდეგ ომში". 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

რუსული სამხედრო ნაწილები ბელარუსში სამხედრო წვრთნების საბაბით იყვნენ განლაგებული. რუსეთმა უკრაინაში შეჭრა რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებიდან, მათ შორის ბელარუსიდანაც დაიწყო.

კომენტარები