რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: გერმანიამ ანტისაჰაერო იარაღი მოგვაწოდა, ასე განაგრძეთ!

ოლაფ შოლცი და ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ანტისატანკო და ანტისაჰაერო იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. 

"გერმანიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინას ანტისატაკო ჭურვსასროლებსა და სტინგერის სარაკეტო იარაღს გადასცემს. ასე განაგრძეთ კანცლერო შოლც! ანტისაომარი კოალიცია მუშაობს!"- აცხადებს ზელენსკი.  

გერმანიის მთავრობამ ცოტა ხნის წინ ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის გერმანული წარმოების 400 ტანსკაცინააღმდეგო იარაღის, "პანცერფაუსტის" და 500 ანტისაჰაერო იარაღის, "სტინგერის" მიწოდების დავალება გასცა. დამატებით, გერმანია უკრაინისთვის 14 აღჭურვილი სამხედრო მანქანის გადაცემას გეგმავს. აქამდე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტზე უარს აცხადებდა. გამოცემა DPA-ის ცნობით, გერმანია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ესტონეთიდანაც აპირებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები