ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს "ანტიპუტინური კოალიციის" შექმნისკენ მოუწოდებს

ვოლოდომირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს შექმნან ანტიპუტინური კოალიცია. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

აშშ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა მათ პუტინის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებ დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. ჩვენ ვაშენებთ ანტიპუტინურ კოალიციას. დაუყონებლივ დაწესდეს სანქციები, სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას. დაიხუროს საჰაერო სივრცე პუტინისთვის. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობისკენ".- წერს ზელენსკი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები