რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU: უმკაცრესად ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას

რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"უმკაცრესად ვგმობთ უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინაღმდეგ. არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო მოქმედებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის, ევროპისა და გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. 21-ე საუკუნეში ძალის და იძულების ასეთი გამოყენების ადგილი არ არის." - ნათქვამია განცხადებაში.

შარლ მიშელმა ევროსაბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ევროკავშირის ლიდერები დღეს, 24 თებერვალს შეხვდებიან, რათა განიხილონ შემდგომი ზომები რუსეთის წინააღმდეგ. ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისია სანქციების შემდგომ პაკეტს დაამუშავებენ.

ევროკავშირი მზად არის უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენისთვის.

"ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის და მისი ხალხის გვერდით ამ უპრეცედენტო კრიზისის პირისპირ. ევროკავშირი გაუწევს უკრაინას პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას" - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები