უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

გუტერეში: როცა ქვეყანაში უნებართვოდ შეგყავს სამხედროები, ისინი არ არიან მშვიდობისმყოფელები

Reuters

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში უკრაინის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გუტერეშის თქმით, ის ღრმად შეწუხებულია უკრაინის ირგვლივ განვითარებული უახლესი მოვლენებით - მათ შორის ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გახშირებული შემთხვევებითა და მომდევნო ესკალაციის რისკით.

"რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეული ტერიტორიების ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა. ასეთი ცალმხრივი ღონისძიება პირდაპირ ეწინააღმდეგება გაეროს წესდების პრინციპებს - და არ შეესაბამება გენერალური ასამბლეის ე.წ. მეგობრული ურთიერთობების დეკლარაციას, რომელიც გაეროს საერთაშორისო სასამართლომ არაერთხელ მოიხსენია, როგორც საერთაშორისო სამართლის ნაწილი". – წერს გუტერეში

გუტერეშმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ და კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ. მისი თქმით, ეს არის გამოცდა გაეროსა და მთელი საერთაშორისო სისტემისთვის, რომელსაც უნდა გაუმკლავდნენ.

"როდესაც ერთი ქვეყნის სამხედრო დანაყოფები შედიან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მისი თანხმობის გარეშე, ისინი არ არიან მიუკერძოებელი მშვიდობისმყოფელები. ისინი საერთოდ არ არიან მშვიდობისმყოფელები. გაერო, უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად, სრულად მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, პოლიტიკური დამოუკიდებლობასა და ტერიტორიული მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ჩვენი ჰუმანიტარული ოპერაციებით. ამ კრიტიკულ მომენტში, მოვუწოდებ ყველას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და კანონის უზენაესობის აღდგენისკენ. ჩვენ გვჭირდება თავშეკავება და გონიერება. ჩვენ ახლა გვჭირდება დეესკალაცია. დროა დავუბრუნდეთ დიალოგისა და მოლაპარაკებების გზას. ეს არის გამოცდა გაეროსთვის და მთლიანად საერთაშორისო სისტემისთვის, რომელიც უნდა ჩავაბაროთ". – წერია განცხადებაში

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.




 

კომენტარები