უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

უკრაინის რადამ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და უშიშროების საბჭოს წევრებს სანქციები დაუწესა

უკრაინის რადა
unian.net

დასავლეთის შემდეგ, უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და უშიშროების საბჭოს წევრებს ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების გამო სანქციები დაუწესა. 

კერძოდ, რადას 322-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას "პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენების დამტკიცების შესახებ".

სიაში 351 ადამიანია, მათ შორის ალექსანდრე ბოროდაი, ნიკოლაი ვალუევი, გენადი ზიუგანოვი, პიოტრ ტოლსტოი, მოჭადრაკე ანატოლი კარპოვი და მოციგურავე ირინა როდნინა.

სანქციებში შედის: 

  • აქტივების ბლოკირება - პირის კუთვნილი ქონებით სარგებლობისა და განკარგვის უფლების დროებითი შეზღუდვა;
  • სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვა;
  • უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვა, ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა;
  • უკრაინიდან კაპიტალის გაყვანის პრევენცია;
  • ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერება;
  • ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმება ან შეჩერება, რომელთა მიღება არის გარკვეული სახის საქმიანობის განხორციელების პირობა, კერძოდ, წიაღით სარგებლობის სპეციალური ნებართვების გაუქმება ან შეჩერება;
  • უცხო სახელმწიფოს რეზიდენტებისა და იმ პირების პრივატიზაციაში, სახელმწიფო ქონების იჯარაში მონაწილეობის აკრძალვა, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებენ უცხო სახელმწიფოს რეზიდენტები ან მოქმედებენ მათი ინტერესებიდან გამომდინარე;
  • უკრაინის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის აკრძალვა;
  • ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით სარგებლობის შეზღუდვა ან შეწყვეტა.

შემოთავაზებულ სანქციებს შორისაა:

  • იმ ფასიანი ქაღალდებით ოპერირების სრული ან ნაწილობრივი აკრძალვა, რომელთა გამომშვები ორგანიზაციებს ამ კანონის შესაბამისად სანქციები აქვთ დაკისრებული
  • უცხო სახელმწიფოდან უკრაინაში იმპორტის ნებართვების, ლიცენზიების გაცემის ან ვალუტის ღირებულების უკრაინიდან ექსპორტის შეწყვეტა და უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ გაცემული გადახდის ბარათებზე ნაღდი ფულის განაღდების შეზღუდვა;
  • სავაჭრო ხელშეკრულებების, ერთობლივი პროექტებისა და სამრეწველო პროგრამების შეწყვეტა გარკვეულ სფეროებში, კერძოდ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში;
  • ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლობის გადაცემის აკრძალვა;
  • კულტურული გაცვლის, სამეცნიერო თანამშრომლობის, საგანმანათლებლო და სპორტული კონტაქტების, გასართობი პროგრამების შეწყვეტა უცხო სახელმწიფოებთან და უცხოურ იურიდიულ პირებთან;
  • უცხო სახელმწიფოების რეზიდენტებისთვის ვიზების მიცემაზე და გაუქმებაზე უარი, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის სხვა აკრძალვების გამოყენება;
  • ოფიციალური ვიზიტების, შეხვედრების, ხელშეკრულებების ან შეთანხმებების გაფორმებაზე მოლაპარაკებების გაუქმება;
  • უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა;
  • მიწაზე საკუთრების უფლების შეძენის აკრძალვა.

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების გამო რუსეთს სანქციები დაუწესეს აშშ-მდიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმაკანადამ, იაპონიამ და ავსტრალიამ. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესეს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ასევე, "ყოვლისმომცველი სანქციები" დაწესდა რუსეთის სუვერენულ ვალზე. ევროკავშირის სანქციები დაუწესდა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. დიდი ბრიტანეთის სანქციები 5 ბანკს და სამ მილიარდერს შეეხო.

იაპონიის სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას, რამდენიმე რუსი პირის აქტივების გაყინვას, ამასთანავე, იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას. კანადელებს აღარ შეეძლებათ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან ფინანსური ურთიერთობა. მათ ასევე ეკრძალებათ რუსული სუვერენული ვალის შესყიდვა.  ასევე იგეგმება იმ ორი სამთავრობო ბანკის და იმ დეპუტატების სანქცირება, რომლებმაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირეს.

ავსტრალია კი დააწესებს ქვეყანაში მოგზაურობის შეზღუდვებს და  ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რვა წევრზე, სახელმწიფო მაღალჩინოსნებისა და თავდაცვის ხელმძღვანელების ჯგუფზე.


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისადა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები