უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

ევროპული საქართველო: 27 თებერვალს მატჩის დროს რუსეთის ჰიმნს უკრაინის დროშებით ვუპასუხებთ

ევროპული საქართველო, 

კვირას, 27 თებერვალს საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩის დროს ევროპული საქართველო რუსეთის სახელმწიფო ჰიმნს უკრაინისა და საქართველოს დროშებით უპასუხებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ისაუბრა.

"რამდენიმე დღეში არის რაგბის მატჩი, საქართველოსა და რუსეთის და ჩვენ, ევროპული საქართველო ვაპირებთ, რომ ეს მატჩი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მასობრივად ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდოთ საქართველოსა და უკრაინის დროშები, რომ ასეთი ცივილიზებული ფორმით, ისე, რომ არანაირ კანონს არ ვარღვევთ, იქ ტრიალებდეს საქართველოსა და უკრაინის დროშები იმ სლოგანით, რაც იყო ჩვენს წინა აქციაზე – ბოროტსა სძლია კეთილმან". – თქვა გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში. 

პარტიის ცნობით, ევროპული საქართველო მსურველებს დროშებს სტადიონის შესასვლელთან დაურიგებს. 

რუსეთი უკრაინაზე მორიგი თავდასხმისთვის ემზადება. 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავისი ხანგრძლივი სიტყვის ბოლოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა, აქტი, რომელმაც მთელ მსოფლიოს 2008 წლის აგვისტოს ომი და მოგვიანებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება გაახსენა. 

ამ განცხადებიდან მალევე პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები