დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტების ლიდერები პუტინს დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვენ

სეპარატისტები დონბასის რეგიონში

დონბასელი სეპარატისტების მარიონეტული ლიდერები, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური, დენის პუშილინი და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური, ლეონიდ პასეჩნიკი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საკუთარი თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადების თხოვნით მიმართავენ

პუშილინს სურს რუსეთთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება და თავდაცვის სფეროში ერთობლივი მოქმედება. 

დონეცკელი სეპარატისტების მარიონეტულმა ლიდერმა ასევე დაამატა, რომ დონბასელი ხალხის მიზანი რუსეთთან ინტეგრაციაა. 

"დონბასის მცხოვრებლები თავს სულით რუსებად გრძნობენ, მათი მთავარი მიზანია რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაცია", – თქვა პუშილინმა.

ლუგანსკელი სეპარატისტების მეთაურის ბრალდებით, უკრაინას დონბასის საკითხის ძალისმიერი გზით გადაჭრა სურს. 

აქამდე, დუმის დეპუტატებმა 15 თებერვალს მხარი დაუჭირეს უკრაინის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას და ამისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმი პუტინს მიმართეს. 

გადაწყვეტილებას მხარი 351 დეპუტატმა დაუჭირა, 16 წინააღმდეგი იყო, ერთმა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ამასთანავე დუმამ მხარი არ დაუჭირა დადგენილების ალტერნატიულ პროექტს, რომლის მიხედვითაც მიმართვის ტექსტი კონსულტაციებისთვის ჯერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უნდა გადაეგზავნათ.

რუსეთის დუმის გამოთქმულ მხარდაჭერამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ რუსეთის მიერ ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში რუსეთი დე-ფაქტო და დე-იურე დატოვებს მინსკის შეთანხმებას.

მინსკის შეთანხმება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების უკრაინის შემადგენლობაში ფართო ავტონომიით ყოფნას ითვალისწინებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები