დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: ერთმა დაბომბვამ, ერთმა საარტილერიო გასროლამ, შეიძლება, ომამდე მიგვიყვანოს

Getty Images

"ერთმა დაბომბვამ, ერთმა საარტილერიო გასროლამ, შეიძლება, ომამდე მიგვიყვანოს".- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე CNN-თან ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული ყირიმსა და დონბასში 30 000-დან 35 000-მდე რუსი ჯარისკაცია. ზელენსკი შიშობს, რომ რუსეთის პროვოკაციებს შესაძლოა საომარი მოქმედებები მოჰყვეს.

მისი თქმით, რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების საფრთხესთან დაკავშირებულ შეშფოთებას უკრაინის მეზობელი ქვეყნებიც იზიარებენ.

"ჩვენ ვიცით საბჭოთა კავშირის ისტორია და მათ ესმით, რა რისკები გვაქვს. პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ლიეტუვა და ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა - მათ იციან, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ". - თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, არსებული დაძაბულობა ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინისთვის

"ეს ტრაგედიაა რუსი ხალხისთვისაც, რომლებსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ უკრაინასთან".- დასძინა მან.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 18 თებერვალსვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიორიებზე დონეცკსა და ლუგანსკში  მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები