დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბაიდენი უკრაინაში მდგომარეობაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრას გამართავს

ჯო ბაიდენი
The White House

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კვირას, 20 თებერვალს, უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"პრეზიდენტი ბაიდენი აგრძელებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას, ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მას რეგულარულად აწვდის ინფორმაციას. [ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა] კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი ნებისმიერ დროს შეიძლება თავს დაესხას უკრაინას." - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ჯო ბაიდენმა მიიღო ინფორმაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიცეპრეზიდენტის კამალა ჰარისის შეხვედრების შემდეგ. მიუნხენში ჰარისი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს და სხვა ევროპელ ლიდერებს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 18 თებერვალსვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიორიებზე დონეცკსა და ლუგანსკში  მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები