უკრაინაში გერმანიის ელჩმა, ანკა ფელდჰუზენმა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტის ფორმატი მხარეებს საერთაშორისო იურიდიულ ვალდებულებებს არ აკისრებს. ამ მემორანდუმით უკრაინამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბირთვული იარაღის არსენალი დათმო.
"ბუდაპეშტის მემორანდუმი ნამდვილად ისეთი ფორმატია... მას არ აქვს საერთაშორისო ვალდებულება." - თქვა ელჩმა ერთ-ერთ უკრაინულ არხთან საუბრის დროს.
ინტერვიუს დროს წამყვანმა დააზუსტა, რომ საუბარი საერთაშორისო იურიდიულ ვალდებულებებზე იყო, რასაც ელჩი დაეთანხმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ბუდაპეშტის ფორმატის ფარგლებში კონსულტაციებს იწყებს და თუ უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიები არ შესრულდება, "უკრაინას ექნება სრული უფლება დაიჯეროს, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არ მუშაობს. კითხვის ქვეშ დადგება 1994 წლის გადაწყვეტილებები".
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინას მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული იარაღის არსენალი ჰქონდა. 1994 წელს ბუდაპეშტის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე და სანაცვლოდ აშშ-მ, რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა კიევს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები მისცეს. მემორანდუმს მოგვიანებით შეუერთდნენ ჩინეთი და საფრანგეთი.





