დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

სტოლტენბერგი: თუ კრემლის მიზანია, იყოს ნაკლები NATO მის საზღვრებთან, ის მიიღებს მეტ NATO-ს

Bloomberg

NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციაზე განმარტა, რომ რუსეთი მიზნად ისახავს, შეუზღუდოს NATO-ს კოლექტიური თავდაცვის უფლება. ამის საპასუხოდ კი NATO-ს გენერალური მდივანმა აღნიშნა, რომ "თუ  კრემლის მიზანია, იყოს ნაკლები NATO მის საზღვრებთან, ის მიიღებს მეტ NATO-ს"

"NATO თავდაცვითი ალიანსია. ჩვენ არავის ვემუქრებით.  თუმცა ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ ჩვენი მოკავშირეების დასაცავად და მხარდასაჭერად. სწორედ ამიტომ რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ჩვენ ვაძლიერებდით ჩვენს შეკავებასა და თავდაცვას ალიანსის მასშტაბებს.

[..] ასე რომ, თუ კრემლის მიზანია ნაკლები NATO იყოს რუსეთის საზღვრებზე, ის მხოლოდ მეტ NATO-ს მიიღებს.და თუ მას სურს NATO-ს დაყოფა, ის მხოლოდ კიდევ უფრო ერთიან ალიანსს მიიღებს". - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, მან წერილი გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, მას სიტუაციის განმოხუტვის მიზნით მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდა. თუმცა, სტოლტენბერგმა იქვე განმარტა, რომ მოსკოვი დეესკალაციის ნაცვლად, აგრძელებს სამხედროების მობილიზებას უკრაინის საზღვართან.

"ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ, რადგან ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს ჯარისკაცთა ზრდას, ომისთვის მომზადებას. და ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში არასოდეს გვინახავს საბრძოლო მზადყოფნაში მზა ჯარების ასეთი დიდი კონცენტრაცია". - აღნიშნა სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას. 


18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 18 თებერვალსვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები