დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი მასობრივ ევაკუაციას აცხადებს

კირილ კუდრიავცევი/AFP

დონეცკელი პრორუსი სეპარატისტების მარიონეტული ლიდერი, დენის პუშილინი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დღეიდან, 18 თებერვლიდან მასობრივ ევაკუაციას აცხადებს.

სეპარატისტები უხელმძღვანელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლების რუსეთის ფედერაციაში გადაყვანას. როგორც პუშილინი ამბობს, პირველ რიგში იწყება ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია. 

მარიოენტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის.

აქამდე, უკრიანის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ. 

"კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არ გვაქვს არანაირი ძალისმიერი ქმედების ჩადენის განზრახვა დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიების, ან ყირიმის წინააღმდეგ. ჩვენ სვლას გავაგრძელებთ პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით და ჩვენს მოქალაქეებს საფრთხეს არ შევუქმნით. მივმართავ ლუგანსკის, ალჩევსკის, დონეცკის, გორლოვკის, იასუნოვატისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებს: ხალხო, ნუ გეშინიათ, თქვენი მტერი არა უკრაინა, არამედ ისინი არიან, ვინც თითქოს თქვენს კედლებს უკან იმალებიან. არ დაიჯეროთ ჭორები უკრაინის თავდასხმის შესახებ", – აღნიშნა რეზნიკოვმა. 

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები