კანადა

კანადის პრემიერი ვაქცინის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს საბანკო ანგარიშების გაყინვით ემუქრება

კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს საბანკო ანგარიშების გაყინვით ემუქრება

სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოქალაქეთა საბანკო ანგარიშების დაბლოკვა კანადის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, რომლის უფლებასაც პრემიერმინისტრს საგანგებო სიტუაციების აქტი ანიჭებს. 

სამოქალაქო თავისუფლების ასოციაციის შეფასებით, აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის კანადის დემოკრატიულ პრინციპებს, გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო თავისუფლებას. 

ტრუდოს თქმით, შეზღუდვები "გონივრული და პროპორციულია", მათი დაწესების მიზანი კი კანადის ქუჩებში გამართული აქციების დაშლაა. 

საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი იანვარში ამოქმედებული რეგულაციაა, რომელიც სატვირთო მანქანების მძღოლებს ავალდებულებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრას. მოგვიანებით, აქციების მასშტაბები გაიზარდა და, ზოგადად, კოვიდრეგულაციების საწინააღმდეგო გამოსვლებში გადაიზარდა, რომელშიც მონაწილეობას ათასობით მოქალაქე იღებს.
 
საგანგებო სიტუაციების აქტი ძალაში 1988 წელს იქნა მიღებული და ის კრიტიკულ თუ გადაუდებელ სიტუაციაში, მაშინ როდესაც საფრთხე ემუქრება კანადელების სიცოცხლეს, მთავრობას დამატებით უფლებებს ანიჭებს, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოქალაქეთა საბანკო ანგარიშების გაყინვის უფლებასაც.

იუსტიციის მინისტრის, დევიდ ლამეტის თქმით, აღნიშნული აქტის ასამოქმედებლად ამჟამად ქვეყანაში ყველა პირობაა.
 
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, კანადაში არ არის საგანგებო ვითარება და, შესაბამისად, არ არსებობს მთავრობის მიერ სპეციალური შეზღუდვების გამოყენების აუცილებლობა.
 

კომენტარები