დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

თრასი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, უკრაინელები იბრძოლებენ, ეს იქნება ხანგრძლივი ომი

ლიზ თრასისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მოსკოვში, 2022 წლის 10 თებერვალი
TASS

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, უკრაინელი ხალხი იბრძოლებს და ეს ხანგრძლივი კონფლიქტი იქნება.

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, უკრაინელი ხალხი იბრძოლებს. ეს იქნება ხანგრძლივი და გაწელილი კონფლიქტი. გაერთიანებული სამეფო და ჩვენი მოკავშირეები დააწესებენ მძიმე სანქციებს, რომელთა სამიზნე იქნება ინდივიდები და ინსტიტუციები. აშშ-მ მკაფიოდ თქვა, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2 არ გაგრძელდება", – თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მან დაამატა, რომ რუსეთს აქვს ალტერნატიული გზა, პატივი სცეს 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც უკრაინამ დათმო ბირთვული არსენალი. 

ლიზ თრასის თქმით, ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას.

გასულ თვეში ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს მათთვის შესაძლოა ახალ ჩეჩნეთის ომად იქცეს.

"ჩვენ ასევე უნდა გავგზავნოთ მესიჯი, რომ უკრაინაში შეჭრა, რუსეთის გადმოსახედიდან, იქნება მტკივნეული, დაუნდობელი და სისხლისმღვრელი საქმე. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს შესაძლოა ახალი ჩეჩნეთი იყოს. უკრაინაში რამდეჯერმე ვარ ნამყოფი, ცოტათი ვიცნობ ამ ქვეყნის ხალხს და ჩემი შეფასებით, ისინი იბრძოლებენ", – ამბობდა ჯონსონი.


დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები