საქართველოს კინოთეატრები

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – თებერვლის მთავარი კინოპრემიერები

Befunky

2022 წლის მეორე თვეს, მაყურებელს კინოთეატრებში დაუვიწყარი სანახაობა ელოდება. წარმოგიდგენთ დეკემბრის ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს.

Moonfall/მთვარის დაცემა

3 თებერვალს საქართველოს კინოთეატრებში როლანდ ემერიხის ახალი ფილმი-კატასტროფა გამოვიდა. ბლოკბასტერში მთავარ როლებს ჰოლი ბერი, მაიკლ პენია და დონალდ საზერლენდი ასრულებენ. სიუჟეტის მიხედვით დედამიწას განადგურებით მისი ერთი შეხედვით ერთგული თანამგზავრი, მთვარე ემუქრება. ემერიხი ავტორია ისეთი გახმაურებული ფილმებისა, როგორებიც არის დამოუკიდებლობის დღე, დღე ხვალის შემდეგ, 2012.

Uncharted/განძის ძიებაში

საკულტო კომპიუტერული თამაშის, Uncharted-ის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ტომ ჰოლანდი და მარკ უოლბერგი ასრულებენ. ინდიანა ჯონსის საუკეთესო ტრადიციებში გადაღებული სათავგადასავლო მძაფრსიუჟეტიანი ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 10 თებერვალს გამოვა.

Death on the Nile/სიკვდილი ნილოსზე

აგათა კრისტის ლეგენდარული დეტექტიური რომანის ეკრანიზაცია. კენეტ ბრანას მიერ განსახიერებულ გამომძიებელს, ერკიულ პუაროს მორიგი რთული, თავბრუდამხვევი გამოძიება. ბრანას გარდა ფილმში მთავარ როლებს ანეტ ბენინგი, გალ გადოტი და არმი ჰამერი ასრულებენ.

The Other Me/მეორე მე

თებერვლის მთავარი ქართული კინოპრემიერა. მეორე მეს ერთ ერთი პროდიუსერი კინოს ლეგენდა დევიდ ლინჩია. მისტიკური სურათი რეჟისორმა და მუსიკოსმა გიგა აგლაძემ გადაიღო, მთავარ როლს კი ინგლისელი მსახიობი, Across The Univerce-ის ვარსკვლავი, ჯიმ სთარჯესი ასრულებს. 

Marry Me/ქორწინება ერთი ნახვით

ახალი რომანტიკული კომედია Marry Me კომიქსის ადაპტაციაა, რომელშიც მთავარ როლებს ჯენიფერ ლოპესი და ოუენ უილსონი ასრულებენ. სიუჟეტის ცენტრში ლათინური პოპ მუსიკის ვარსკვლავისა და მისი რიგითი თაყვანისმცემლის სიყვარულის ისტორიაა. ფილმი ჯეი ლოსა და მალუმას კომპოზიციებით არის გაფორმებული.

Cyrano/სირანო

მე-19 საუკუნის პიესის მორიგი კინოადაპტაცია, რომელშიც მთავარ როლს Game of Thrones-ის ვარსკვლავი პიტერ დინკლეიჯი ასრულებს. სურათმაც და დინკლეიჯმაც 2022 წლის ოქროს გლობუსის ნომინაციები დაიმსახურეს. ფილმმა ასევე ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდოს, BAFTA-ს ოთხი ნომინაცია მიიღო.

კომენტარები