მიხეილ სააკაშვილი

მელია იმედის ჩანაწერზე: დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება და წერს, რომ ის ნამდვილად იყო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი და ასევე არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მოქალაქეთა პროტესტის ერთადერთი იდეა უნდა იყოს. მელია აღნიშნავს, რომ ამ მოსაზრებას თავად სააკაშვილიც ეთანხმება. ნიკა მელიას პოსტს სრულად გთავაზობთ:

"დიდი მადლობა TV იმედს და ე.წ "მოქალაქეს", ვინც ეს ვიდეო მიაწოდა, ბოდიშს ვიხდი უხარისხო ჩანაწერისთვის, მაგრამ ზუსტად იმავეს ახსნას ვცდილობ ყველა შეხვედრაზე, შესაბამისად ჩანაწერის უხარისხობამ რომ არ დაგაბნიოთ, მოკლედ ვიტყვი:

დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია. დიახ, მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს.

იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს – შეკვეთა, რომელიც მოგვცეს და მივიღეთ – არის ცვლილება, რომელსაც უნდა მივაღწიოთ, ეს არის უკეთესი საქართველო, იმაზე უკეთესი საქართველო ვიდრე გვქონდა 2003-2012 წლებში და იმაზე ბეეევრად უკეთესი საქართველო, ვიდრე გვაქვს 2012 წლიდან დღემდე.

ცვლილება, რომელსაც თითოეული ოჯახი იგრძნობს – არის ის, რისთვისაც ვიბრძვით მე და ჩვენი თანამებრძოლები, ის რისთვისაც იბრძვის მიშა, რომელიც იყო თავისუფალი, წარმატებული და ახლა არის პატიმარი. ჩვენ შეიძლება განსხვავებული სტრატეგია გვაქვს, თუმცა გვაქვს საერთო მიზანი და ესაა მთავარი. ის რომ შეიძლება ტაქტიკაზე ვერ შევთანხმდეთ, არ ცვლის საერთო სურათს.

დიახ, გეტყვით რომ ოპოზიციის უკეთესი მომზადებაა საჭირო, იმისთვის რომ გავიმარჯვოთ: გვიყალბებენ არჩევნებს, გვართმევენ გამარჯვებას; თუმცა არაფერი გამოუვათ თუ ჩვენ ვიქნებით კარგად ორგანიზებულები და გამარჯვებაზე ორიენტირებულები.

არაფერი გამოუვათ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს შორის წარუმატებლობაში დამნაშავეთა ძებნის ნაცვლად, გამარჯვებაზე ვიფიქრებთ. დიახ, მე მგონია რომ უნდა ვორიენტირდეთ ერთიან, მთავარ მიზანზე – უკეთეს საქართველოზე.

ჩვენ შეიძლება ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ გვქონდეს ერთი მიზანი. ჩვენი იდეა არის უკეთესი საქართველო და მიზანი გვაქვს ყველას ერთი – დანარჩენზე გვქონდეს ბევრი დისკუსია, მაგრამ ბოლოს, იდეით ანთებულები, ჩვენი სიმტკიცით და თანმიმდევრულობით ვიმარჯვებთ.

დიახ, მე ვიცი რომ ჩვენს პარტიას აქვს დიდი მხარდაჭერა, თუმცა არასაკმარისი, ბევრად მეტია ის ადამიანი, ვისაც უნდა ცვლილება და ჩვენ ყველანი, ვისაც არ მოგვწონს დღევანდელი ყოფა, არ მოგვწონს განსხვავებული მიზეზებით, ვართ თანამოაზრეები;

ყოველდღიურად ვხვდები ასობით ადამიანს და ვიცი როგორ მივაღწევთ ცვლილებებს. და დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება არ იყოს პარტიის გამარჯვება. ეს არ უნდა იყოს გამარჯვება ნიშნის მოგებით, რომ ვინმემ ვინმეს აჯობა. არა, ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება, უკეთესი ხვალინდელი დღე ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.

P.S. TV იმედის დადგმული, საბჭოთა სტილის კრიტიკა ყოველ ჯერზე მაფიქრებინებს, თუ რამდენად მართალია ყველა ის ადამიანი თავის ბრძოლაში, ვისაც ამ ეთერში "აშავებენ". – წერს მელია.


იმედის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ საქართველოში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.  

ჩანაწერში ასევე ისმის, რომ ნიკა მელია მხარდამჭერებს მიმართავს: "თქვენ მეზობლებს თუ ეუბნებით, რომ ჩვენი მთავარი იდეა, ამაზე სულ ვსაუბრობ, არის "თავისუფლება მიშას", არ გამოვა".

ნიკა მელიას განცხადების გავრცელებამდე ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ ტაბულასთან საუბარში ვიდეოს კონტექსტიდან ამოგლეჯილი უწოდა. პარტიის წევრმა, ბაჩო დოლიძემ თქვა, რომ ვიდეო სუს-ის გადაღებული და სამთავრობო მედიის მიერ დამონტაჟებულია.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილი ქვეყანაში 28 სექტემბერს, რძის პროდუქტებით დატვირთული სატვირთოთი შემოვიდა – საზღვრის უკანონო კვეთაზე მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად 50 დღე შიმშილობდა, რის შემდეგაც რეაბილიტაციისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 29 დეკემბერს, ღამით სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და მასთან კვალიფიციური ექიმების შეშვებას ითხოვს. 

კომენტარები