მიხეილ სააკაშვილი

ენმ იმედის მიერ გავრცელებულ ნიკა მელიას ვიდეოს კონტექსტიდან ამოგლეჯილს უწოდებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ვიდეოს კონტექსტიდან ამოგლეჯილს უწოდებს. ტაბულასთან საუბარში პარტიის წევრი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ვიდეო სუს-ის გადაღებული და სამთავრობო მედიის მიერ დამონტაჟებულია. 

"ჩვენი პოზიცია არის შემდეგი - სუს-ის მიერ გადაღებულ ვიდეოზე, რომელიც სამთავრობო მედიამ დაამონტაჟა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი მონაკვეთები აჩვენა, სათქმელი ნამდვილად არაფერია. ჩვენ ვაგრძელებთ ისევ ბრძოლას, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ტყვეები ციხეში არ იჯდნენ და ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალოთ. 

ეს მთლიანად უნდა გაიშალოს მაშინ, რაზე იყო საუბარი და ა.შ. კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. საუბრობს იმას, რასაც საუბრობს, ოღონდ რა მონაკვეთში რას ლაპარაკობს, ამაშია განსხვავება". - ამბობს ბაჩო დოლიძე.  

იმედის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ საქართველოში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.  

"ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშაზე, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების და ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ-მეთქი. არ არსებობს, ქალბატონო. არა, ქალბატონო, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, იმიტომ, რომ ვიცოდი, უცხოეთი არ დაუჭერდა მხარს.

[...] 50% დღეს რომ ხელისუფლებაში არის ოცნება, არის ჩვენი ბრალი". - ისმის ჩანაწერში.   

ჩანაწერში ასევე ისმის, რომ ნიკა მელია მხარდამჭერებს მიმართავს: "თქვენ მეზობლებს თუ ეუბნებით, რომ ჩვენი მთავარი იდეა, ამაზე სულ ვსაუბრობ, არის "თავისუფლება მიშას", არ გამოვა".


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილი ქვეყანაში 28 სექტემბერს, რძის პროდუქტებით დატვირთული სატვირთოთი შემოვიდა - საზღვრის უკანონო კვეთაზე მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად 50 დღე შიმშილობდა, რის შემდეგაც რეაბილიტაციისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 29 დეკემბერს, ღამით სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და მასთან კვალიფიციური ექიმების შეშვებას ითხოვს. 

კომენტარები