მიხეილ სააკაშვილი

იმედის ჩანაწერში მელია ამბობს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა

ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ საქართველოში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.  

"ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშაზე, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების და ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ-მეთქი. არ არსებობს, ქალბატონო. არა, ქალბატონო, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, იმიტომ, რომ ვიცოდი, უცხოეთი არ დაუჭერდა მხარს.

[...] 50% დღეს რომ ხელისუფლებაში არის ოცნება, არის ჩვენი ბრალი". - ისმის ჩანაწერში.   

ჩანაწერში ასევე ისმის, რომ ნიკა მელია მხარდამჭერებს მიმართავს: "თქვენ მეზობლებს თუ ეუბნებით, რომ ჩვენი მთავარი იდეა, ამაზე სულ ვსაუბრობ, არის "თავისუფლება მიშას", არ გამოვა".

ტაბულა ჩანაწერის ავთენტიკურობაზე ნიკა მელიასთან და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებას ცდილობს. პარტიას ჩანაწერის ავთენტიკურობა არ უარყვია. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილი ქვეყანაში 28 სექტემბერს, რძის პროდუქტებით დატვირთული სატვირთოთი შემოვიდა - საზღვრის უკანონო კვეთაზე მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად 50 დღე შიმშილობდა, რის შემდეგაც რეაბილიტაციისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 29 დეკემბერს, ღამით სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და მასთან კვალიფიციური ექიმების შეშვებას ითხოვს. 

კომენტარები