ევროპარლამენტარი სვენ მიქსერის თქმით, ქართველი პოლიტიკოსები სათანადოდ ვერ აფასებენ კომპრომისის შესაძლებლობას და ხელიდან გაუშვეს "საერთო პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა.
"მაგრამ ეს შიდა დებატი ასახავს დასანან პოლიტიკურ შეხედულებებს. ქართველი პოლიტიკოსები სათანადოდ არ აფასებენ კომპრომისის შესაძლებლობას. დასანანია, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კომპრომისი სისუსტედ აღქიმება, მაშინ, როცა მაგალისთვის - ევროპარლამენტში ეს სიძლიერედ და სიმწიფედ აღიქმება. ვფიქრობ, საკმარისი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ პარტიებმა შეიმუშაოს კარგი ერთიანი პოზიცია. ხელიდან იყო გაშვებული საერთო პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა. ეს ეხება როგორ მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას". - თქვა სვენ მიქსერმა უკრაინის მხარდაჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით კითხვაზე.
ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან უკრაინის სუვერენინტეტისა და ტერიტორიული მხარდაჭერის აუცილებლობაზე.
"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნებს, რომლებსაც მსგავსი გამოწვევები აქვს - ვისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშაა. ბუნებრივია, რუსული აგრესია და შეუპოვრობა და სურვილი სამყარო საფრთხის შემცვლელად აქციოს, ისაა, რასაც, ვფიქრობ, საქართველო არასდროს მიიღებს და ევროპელებსაც, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ შეუძლიათ მიიღონ. ვფიქრობ, მტკიცე და ცხადი მესიჯი აუცილებელია.
სხვადასხვა პოლიტიკური მხარის პარტიებთან დიალოგის შედეგად შემიძლია ვთქვა, რომ მათი პოზიცია, იქნება ეს მმართველი პარტია თუ დიდი ოპოზიცია, დრამატულად განსხვავებული არ არის. ყველა აცნობიერებს უკრაინის და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის აუცილებლობას. თითოეული მათგანი აცნობიერებს რუსეთის აგრესიის საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს, მთლიანი ევროპისა და გლობალური მშვიდობისთვის". - ამბობს სვენ მიქსერი ჟურნალისტებთან საუბრისას.
2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს.
მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.
პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.
ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.
მოვლენების ესკალაციის შესაძლო სცენარებს გაეცანით აქ – რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლო სცენარები და მიმართულებები.





