უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

გახარიას პარტია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტს პარლამენტიდან უკან გაითხოვს

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტს პარლამენტიდან უკან გაითხოვს. ამის შესახებ პარლამენტში პარტიის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ისაუბრა.  

დაუშვილი ამბობს, რომ პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერი ორი რეზოლუციის განხილვა მიზანშეწონილი არ არის, მისივე სიტყვებით, ეს არის მათი რეზოლუციის უკან გათხოვის მიზეზი. დაუშვილის თქმით, იმედი აქვთ, რომ ქართულ ოცნებას "გამბედაობა ეყოფა" და ოკუპანტს ოკუპანტს უწოდებს. 

"დღეს საქართველოს მიერ მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე უკრაინის მხარდაჭერა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ უკრაინისთვის არამედ, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებლობისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის ვინაიდან, რუსეთი ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას არამედ, ემუქრება საქართველოს. რუსეთი ითხოვს დასავლეთისგან გარანტიებს, რომ უკრაინა და საქართველო არ გახდებიან ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები და ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად, რუსეთი ჩვენს გარეშე იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ გავხდეთ დასავლური ოჯახის ნაწილი  - რაც მიუღებელი და დაუშვებელია. ამით ის პირდაპირ დარტყმას აყენებს ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. 

სწორედ ამიტომ დღევანდელი საფრთხე არ არის მხოლოდ უკრაინის გამოწვევა, ეს არის საქართველოს გამოწვევაც, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხი.  გვესმის, რომ არც პოლიტიკური მზაობა და არც რესურსი არსებობს იმისა, რომ ვისაუბროთ უკრაინის სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერაზე, თუმცა აუცილებელია, რომ საქართველომ გამოხატოს სრულფასოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ. უკრაინის მხარდაჭერა არის ზეპარტიული საკითხი და არ არის მიზანშეწონილი, რომ დღეს ჩვენ პარლამენტში ვიხილავდეთ ორი რეზოლუციის პროექტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი რეზოლუციის ნაწილში გამოთხოვის პროცედურას ვახორციელებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ ოცნებას ეყოფა გამბედაობა, ოკუპანტს უწოდებს ოკუპანტს და უკრაინას გამოუცხადებს სათანადო პოლიტიკურ მხარდაჭერას". - ამბობს დაუშვილი. 

მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივად მიღებას აპირებდა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ოპოზიციის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ჩაგდების პარალელურად, ქართულმა ოცნებამ თავად მოამზადა რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის. როგორც მმართველი გუნდის საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "რეზოლუციის ტექსტი პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლილია".

კომენტარები