უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

ვოლსკი: ფრონტის იმ ნაწილზე, სადაც ჩვენ ვდგავართ, ახალი ცხელი წერტილი არ უნდა შეიქმნას

გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას ამტკიცებს, რომ მმართველ პარტიას ტექსტისთვის არაფერი დაუკლია და, მისივე სიტყვებით, "იმ ნაწილზე, სადაც ახლა ვდგავართ, ახალი ცხელი წერტილი არ უნდა შეიქმნას".

"რა დავაკელით უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას? ჩვენ არ აღვნიშნეთ, რომ ნატო და ევროკავშირი არის მთავარი მისწრაფება, არ აღვნიშნეთ ის, რომ უკრაინის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს ყველამ, ვინც ამ საკითხშია ჩარეული, თუ რა თემა დავაკელით? თუ ის, რომ თითი არ დავუქნიეთ და არ ვთქვით, რომ შეაგინეთ ვლადიმერ პუტინს. შესაგინებელი კი არის, მაგრამ რეალურად, იმ სიტუაციაში, რომელიც შეიქმნა დღეს და ფრონტის იმ ნაწილზე, სადაც ჩვენ ვდგავართ, ახალი ცხელი წერტილი არ უნდა შეიქმნას. 

აქედან გამომდინარე ვმსჯელობთ იმაზე, როგორი უნდა იყოს რეზოლუცია. ის უნდა იყოს საქმიანი, აღნიშნავდეს ჩვენ მისწრაფებებს, საგარეო კურსის მიმართულებასა და მოუწოდებდეს ყველას იმისკენ, რასაც თვითონ ზელენსკი მოუწოდებს". - თქვა გია ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

1-ელ თებერვალს 74 ხმით საქართველოს პარლამენტმა მიიღო ქართული ოცნების მიერ შემუშავებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, სადაც რუსეთი მოხსენიებული არ არის. 

"რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას". – წერია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში. 

რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთი ერთხელაც არ არის მოხსენიებული, ქართულმა ოცნებამ 26 იანვარს გაასაჯაროვა და მას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მთავარი მტრის რეზოლუციაში არმოხსენიება მმართველი გუნდის საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იმით ახსნა, რომ "რეზოლუციის ტექსტი პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლილია".

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ;

საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონული მშვიდობასა და უსაფრთხოებას.  

აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში.

კომენტარები