მეისონ გრინვუდი

მეისონ გრინვუდი მეგობარი ქალის გაუპატიურებისა და მასზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი, მეისონ გრინვუდი მეგობარი ქალის, ჰარიეტ რობსონის გაუპატიურებისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

30 იანვარს, რობსონმა Instagram-ის პირად გვერდზე ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა გაავრცელა, სადაც ახალგაზრდა მოდელს სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობა, აუდიო ჩანაწერში კი ისმის, უარის მიუხედავად როგორ ცდილობს მასთან მამაკაცი იძულებით სექსუალური კავშირის დამყარებას.

მანჩესტერის პოლიციის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალის საფუძველზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც გაუპატიურებასა და ფიზიკურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი.

20 წლის ფორვარდის დაკავებას მანჩესტერ იუნაიტედიც გამოეხმაურა. როგორც ბრიტანული გრანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, კლუბი ნებისმიერი სახის ძალადობას გმობს და გრინვუდს გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება სამართალდამცველების შემდგომ გადაწყვეტილებამდე შეეზღუდება.

მეისონ გრინვუდმა მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიაში ვარჯიში 2007 წელს დაიწყო, 2018 წელს კი 17 წლის ასაკში, ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი. გრინვუდს ამ დრომდე მანჩესტერში სულ 129 თამაში აქვს ჩატარებული და 35 გოლი გატანილი. ინგლისის ნაკრებში კი ერთადერთი მატჩი გრინვუდმა 2020 წელს ჩაატარა.

კომენტარები