თურქეთი

ერდოღანი "დამაზიანებელი" შინაარსის გამო მედიას მკაცრი სამართლებრივი რეაგირებით ემუქრება

aawsat.com

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მედიას სამართლებრივი რეაგირებით დაემუქრა, თუ ისინი გააშუქებენ შინაარს, რომელიც დამაზიანებელია ქვეყნის ღირებულებებისთვის.

გაზეთში გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატიაში ერდოღანი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, დაცული იქნას ქვეყნის "ნაციონალური კულტურა" და ბავშვებს თავიდან ავარიდოთ "დამაზიანებელი" შინაარსი, რომელიც შესაძლოა ბეჭდურმა, ვერბალურმა და ვიზუალურმა მედიამ გაავრცელოს. 

პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს "დამაზიანებელ" შინაარსში, მაგრამ განმარტა, რომ იურიდიული ზომები იქნება მიღებული მათ წინააღმდეგ, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს თურქეთის ეროვნული და მორალური ფასეულობების შელახვას და  ოჯახისა და სოციალური სტრუქტურის რღვევას. ტელევიზიათა ნაწილი დაჯარიმდა მუსიკალური ვიდეოებისთვის, რომელმაც "დაარღვია თურქული ღირებულებები", რადგან ისინი "ეროტიკად" მიიჩნიეს. ასევე, იკრძალება გენდერული და სექსუალური უმცირესობების თემატიკის განხილვა და პრეზიდენტი ერდოღანის შეურაცხყოფა.

უკანასკნელ წლებში თურქეთში კონტროლირებულ მედიათა რიცხვი გაიზარდა. მედია კომპანიათა 90%-ს ან სახელმწიო ან მათთან დაახლოებული ბიზნესები ფლობენ. 

 თურქეთში კანონი პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ოთხ წლამდე ითვალისწინებს. 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ერდოღანი პრეზიდენტი გახდა, პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით 160 169  შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, აქედან 12 881-თვის გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. 23 იანვარს ცნობილი ჟურნალისტი, სედეფ კაბა ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით  დააკავეს. 

თურქეთის დასავლელი მოკავშირეების თქმით, ერდოღანი 2016 წლის წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებას განსხვავებული აზრის ჩასახშობად და უფლებათა შეზღუდვისთვის იყენებს. მთავრობა უარყოფს ბრალდებას და აღნიშნავს, რომ მედიაკონტროლი თურქეთის წინაშე არსებული გამოწვევების გამოა საჭირო. 

კომენტარები