ნონა გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილი: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია! მადლობა ამერიკულ სასამართლოს

Fox Business

"ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია".  – ასე ეხმაურება ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი კალიფორნიის სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელმაც არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა კომპანიის წინააღმდეგ საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ნონა გაფრინდაშვილი მადლობას უხდის ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც, მისივე სიტყვებით, კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა მოცემულობა.

"ზოგადად, ცხოვრებაში და ასევე სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე. მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ.

გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს.

მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.

დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი, გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.

უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელს მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა. ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. პატივისცემით, ნონა გაფრინდაშვილი". – წერია განცხადებაში.

კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა, შეწყვეტილიყო მის წინააღმდეგ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება. ინფორმაცია იურიდიულმა კომპანია BLB-მ გაავრცელა, რომელიც სასამართლოში ჭადრაკის დიდოსტატის ინტერესებს იცავს.


სექტემბერში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა სერიალ The Queen’s Gambit-ში ნათქვამი ტექსტის გამო, რომ მას არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ. 

სარჩელის განხილვა ლოს-ანჯელესის სასამართლოში შედგა. დაიკითხა სერიალის სცენარის ავტორი სკოტ ფრენკი. გაფრინდაშვილის ადვოკატის თქმით, სკოტმა აღიარა, რომ მოჭადრაკის შესახებ სიმართლე იცოდა.

"ფრენკი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ, რაც ადასტურებს ნეტფლიქსის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას. ამ დაკითხვამ უკვე შექმნა ცხადი სურათი. Netflix-მა სკოტის ჩვენება საქმეს თავის სასარგებლოდ დაურთო. ახლა, როცა წარვადგინეთ ჩვენი პოზიცია, სკოტის ჩვენებას ვიყენებთ საჩვენოდ". – ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.

გარდა ამისა სტრიმინგის სერვისმა სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა.

ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB იცავს. ისინი სარჩელში წერენ, რომ კომენტატორის ნათქვამი ტყუილია და სექსისტური.

"ბრალდება, რომ გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ, არის ცხადი ტყუილი, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი.

1968 წლისთვის, ანუ მაშინ, როდესაც ეპიზოდში მოქმედება ხდება, მას სულ მცირე 59 კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ ჰქონდა თამაში ჩატარებული, მათ შორის სულ მცირე ათი დიდოსტატი იყო". – წერია სარჩელში.

ლაზიერის გამბიტი Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მინისერიალია. სიუჟეტის ცენტრში გამოგონილი ქალი მოჭადრაკე, ბეტ ჰარმონია, რომლის როლს ანია-ტეილორ ჯოი ასრულებს. შოუმ ემის და ოქროს გლობუსის რამდენიმე ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები