დევნილები

დევნილთა სააგენტო: სანატორიუმ ქართლის დევნილები ახალ ბინებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ

ტაბულა

დევნილთა სააგენტო სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

მათივე ცნობით, სანატორიუმ ქართლის შენობიდან დევნილი ოჯახების გამოყვანის და მათი უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით, დევნილთა სააგენტომ გადადგა შემდეგი ქმედითი ნაბიჯები:

● დევნილ ოჯახებს, სააგენტო ბინის მოძიებაში დახმარებას და ქირით დაუყოვნებლივ  გადაყვანას სთავაზობს; 

● ქირასთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება ერთ წლიანი ქირის გადახდის შესახებ;

● სურვილის შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს; 

● მიმდინარე მენაშენეთა კონკურსის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მენაშენეთა ასოციაციასთან, სამშენებლო კომპანიებთან და ამ პროცესის შესახებ, ყოველკვირეული ანგარიშის სახით, წერილობით ეცნობება დევნილ მოსახლეობას.   

● დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლებისა და მათთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, თბილისის, ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებთან აქტიურად მიმდინარეობს მიწის მოძიებისა და სააგენტოსთვის გადმოცემის სამუშაოები. ქუთაისში ახალი კორპუსების ასაშენებლად, ადგილი უკვე შერჩეულია და მშენებლობა მიმდინარე პროექტების ფარგლებში გაგრძელდება.       

"საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ  დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, ქართლში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა:

1. დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ექვივალენტს ლარში.

2. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს".- აღნიშნულია განცხადებაში. 


16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, 53 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, რადგან წლებია, იქ მცხოვრები ადამიანები ავარიულ შენობას აპროტესტებენ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მედიას მოუწოდებს, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი ზოგადად დევნილების პრობლემებს არ დაუკავშირონ. ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს "უბედური შემთხვევა იყო". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, რომ მომხდარზე პასუხსიმგებლობა დაეკისროს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას და მათ თანამდებობები უნდა დატოვონ. 

20 იანვარს ჯანდაცვის სამინისტორს მიერ გაგზავნილი წერილები სანატორიუმ ქართლის მაცხოვრებელმა პროტესტის ნიშნად დახიეს. მათი თქმით, სახელმწიფოს შეთავაზება  -  დევნილებს ერთი თვის ვადაში გადაიყვანენ ალტერნატიულ საცხოვრებელში და ქირით უზრუნველყოფენ, შემდეგ კი მოხდება მათი გადაყვანა იქ, სადაც ცხოვრებას სთავაზობენ, კვლავ ბუნდოვანია.

არასამთავროები ხელისუფლებას  მოუწოდებენ სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად.

კომენტარები