ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ რუმინეთმა რუსეთის ელჩი საგარეოში დაიბარა და კიდევ ერთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ მედიაში გაავრცელა.
რუმინული მხარის მიხედვით, რუსეთის ელჩის დაბარებას წინ უძღოდა 24-26 ივლისს რუმინეთის საჰაერო სივრცის არაერთი დარღვევა, რა დროის განმავლობაშიც ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს სამი დრონი, რომლებიც ეროვნულ ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიჭრნენ.
"რუს დიპლომატს რუმინეთის ტერიტორიაზე განადგურებული დრონის ფრაგმენტები წარუდგინეს, რომლის ნაწილებიც, პროკურატურის ოფიციალურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსული წარმოშობის იყო.
საგარეოს ცნობით, რუმინულმა მხარემ რუსეთის ელჩთან მტკიცე პროტესტი გამოხატა "უკანონო და უპასუხისმგებლო ქმედებების" გამო.
"რუმინულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაცია ექსკლუზიურად პასუხისმგებელია ყველა მსგავს მძიმე ინციდენტსა და რეგიონში უსაფრთხოების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობაზე." – ვკითხულობთ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, რუმინეთის ინფორმაციით, რუსეთის ელჩს გადაეცა ვერბალური ნოტაც, რომელშიც მას აცნობეს, რომ ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის მისიის წევრი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა და მას ქვეყნის დატოვება არაუგვიანეს 5 დღეში დაევალა.
თავის მხრივ, რუსეთის ელჩმა, ვლადიმირ ლიპაევმა, რუმინეთის საგარეოს დატოვების შემდეგ რუსულ სამთავრობო მედიას განუცხადა, რომ მისი დაბარება "პროპაგანდისტული ტრიუკი" იყო.
ლიპაევის თქმით, ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლის გაძევებას შედეგები მოჰყვება. რუსეთის ელჩმა ასევე პროტესტი გამოთქვა რუმინული მხარის მიერ რუსეთის დადანაშაულებასთან დაკავშირებით და ბუქარესტი "კონფლიქტის ესკალაციის რისკების" შესახებ გააფრთხილა.




