აშშ-ს სანქციები

რუსეთთან თანამშრომლობისთვის აშშ-მ 4 უკრაინელს სანქციები დაუწესა, მათგან 2 დეპუტატია

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი

აშშ-მ უკრაინის ოთხ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანს უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან კავშირის გამო სანქციები დაუწესა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან რადას მოქმედი დეპუტატები, ტარას კოზაკი და ოლეგ ვოლოშინი. ორივე მათგანი უკრაინის პარლამენტში პრორუსულ ოპოზიციას წარმოადგენს. ეს პარტიები დაკავშირებულები არიან მოსკოვში გაქცეულ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან. ასევე სანქციები დაეკისრათ ყოფილ მაღალჩინოსნებს, ვოლოდიმირ ოლონიკსა და ვლადიმირ სივკოვიჩს. 

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, გამოვლენილი პირები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ)-ს დავალებით მოქმედებდნენ და წარსულში უთანამშრომლიათ რუსეთთან სუვერენული ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით. 

სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, კოზაკი უკრაინაში ახალი ამბების არხებს აკონტროლებს და მისი მიზანი იყო, დაემცირებინა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვის წევრები. რაც შეეხება ვოლოშინს, განცხადების მიხედვით, ის მუშაობდა რუსეთთან, რათა ძირი გამოეთხარა უკრაინელი მაღალჩინოსნებისთვის. ოლინიკი, რომელიც უკრაინიდან რუსეთში გაიქცა, ФСБ-სთან თანამშრომლობდა იმისათვის, რომ ინფორმაცია შეეგროვებინა უკრაინის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის შესახებ, მაშინ, როცა ეროვნული უსაფრთხოებისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მაღალჩინოსანი სივკოვიჩი ცდილობდა, რომ უკრაინის მიერ ყირიმის რუსეთისათვის ოფიციალურად დათმობის იდეის ირგვლივ მხარდაჭერა აეგო. 

"დღევანდელი აქტის მიზანია, გამოააშკარავოს და ძირი გამოუთხაროს რუსეთის განგრძობად დესტაბილიზაციის მცდელობას უკრაინაში. ეს აქტი ცალკე უნდა განვიხილოთ იმ მაღალი გავლენის ზომებთან, რომელსაც ამზადებენ აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები იმისათვის, რომ რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენონ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ განაგრძობს უკრაინაში შეჭრას". – წერია განცხადებაში.

კომენტარები