ევროპარლამენტში გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის გაზრდილი აგრესიის ფონზე, მნიშვნელოვანია, ევროპა შეთანხმდეს კოლექტიური უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე და, პარალელურად - განაგრძოს რუსეთთან "გულწრფელი და მომთხოვნი" დიალოგი.
"ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოება მოითხოვს სტრატეგიულ გადაიარაღებას", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
თავდაცვის საკითხებში "სტრატეგიული ავტონომიის" მომხრე მაკრონმა აღნიშნა, უნდა გაიზარდოს ევროკავშირის გავლენები უსაფრთხოების საკითხებში და ევროპამ შეძლოს, არ იყოს დამოკიდებული რუსეთის ნავთობზე.
ევროკავშირი არ იყო ჩართული გასულ კვირას შეერთებულ შტატებსა და მოსკოვს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავდა უკრაინა-რუსეთ შორის დაძაბულობის განმუხტვას.
უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული ვითარების ფონზე უკრაინასა და გერმანიაში ჩავიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ვიზიტის მიზანია, ხაზი გაუსვას შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
21 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.
2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს.
მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.
პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.
აშშ-ს ინფორმაციით, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლოა გეგმავდეს პროვოკაციას, საკუთარი ძალების წინააღმდეგვე, რასაც შემდეგში უკრაინასთან ომის საბაბად გამოიყენებს.
ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.





