წითელი ჯვრის ორგანიზაცია

კიბერთავდასხმა წითელ ჯვარზე – საფრთხის ქვეშაა 515 000-ზე მეტი ადამიანის პირადი მონაცემები

CNN

წითელი ჯვრის ორგანიზაციაზე კიბერთავდასხმა მოხდა, რომლის შედეგადაც 515 000 "უაღრესად დაუცველი ადამიანის" პირადი მონაცემები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. 

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, 515 000 ადამიანს შორის არიან ისინიც, რომლებიც ოჯახს კონფლიქტის, მიგრაციისა თუ უბედური შემთხვევების გამო არიან მოშორებული. კიბერთავდასხმის გამო წითელი ჯვრის ორგანიზაცია იძულებული გახდა, შეეჩერებინა IT სისტემის მუშაობა.  

ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ არის პასუხისმგებელი თავდასხმაზე, თუმცა ორგანიზაციისთვის ყველაზე დიდ შეშფოთებას პირადი ინფორმაციის შესაძლო გაჟონვა იწვევს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ასეთი რამ ჯერჯერობით არ მომხდარა. 

"ეს კიბერთავდასხმა დაუცველ ადამიანებს, რომლებსაც უკვე სჭირდებათ ჰუმანიტარული სერვისები, უფრო მეტი რისკების პირისპირ აყენებს.

[...] თქვენმა ქმედებამ, შესაძლოა, უფრო დიდი ზიანი და ტკივილი მიაყენოს მათ, ვისაც უკვე გადატანილი აქვთ აღუწერელი ტანჯვა. იმ ინფორმაციის უკან, რომელიც ახლა თქვენ გაქვთ, არიან ნამდვილი ადამიანები, ნამდვილი ოჯახები - მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად ძლიერები. გთხოვთ, გააკეთოთ სწორი რამ. არ გაავრცელოთ, გაყიდოთ, გამოიყენოთ ინფორმაცია ". - ამბობს ორგანიზაციის დირექტორი, რობერტ მარდინი.  

მარდინი ასევე ამბობს, რომ წითელი ჯვრის ორგანიზაცია, დღეში, საშუალოდ, 12 დაკარგულ ადამიანს ეხმარება ოჯახში დაბრუნებაში - მსგავსი კიბერთავდასხმა კი ამას საფრთხეს უქმნის. ორგანიზაციის დირექტორის თქმით, მომხდარს "უაღრესად სერიოზულად" ეკიდებიან და მსოფლიოში პარტნიორებთან თანამშრომლობენ, რათა თავდასხმის მასშტაბების შესახებ შეიტყონ, ასევე, მიიღონ შესაბამისი ზომები სამომავლოდ ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

კომენტარები