დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბორელმა და კულებამ ესკალაციის შემთხვევაში რუსეთის შეკავების გზები განიხილეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა. მათ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მხარეებმა რუსეთის მხრიდან მდგომარეობის ესკალაციის შემთხვევაში რუსეთის შეკავების ზომები – ევროკავშირის სანქციები განიხილეს.

ჯოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე და უცვლელი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს რუსეთს მოუწოდოს დეესკალაციისკენ და საკუთარი ჯარების გაყვანისკენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებით ერთადერთი სწორი სტრატეგია სიმტკიცის გამოჩენაა.

"ევროკავშირის თითოეულ ქვეყანას უნდა ესმოდეს, რომ როგორი მაღალიც არ უნდა იყოს რუსეთის შეკავების ფასი, ახალი ომის შეწყვეტის ფასი გაცილებით უფრო დიდი იქნება. ერთადერთი სწორი სტრატეგია, სიმტკიცის გამოჩენა და უკრაინასთან ერთიანი მოქმედებაა." – თქვა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯოზეფ ბორელი ეთანხმება უკრაინულ მხარეს, რომ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინაში მდგომარეობის დესტაბილიზაციაა, მათ შორის ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროებზე უარყოფითი გავლენის მოხდენა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ბორელი უკრაინას ამ სფეროებში მხარდაჭერას დაჰპირდა.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული ვითარების ფონზე უკრაინაში ჩავიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ვიზიტის მიზანია, ხაზი გაუსვას შეერთებული შტატების ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

თეთრი სახლის თანახმად, რუსეთი მზადაა, "ნებისმიერ დროს" დაესხას თავს უკრაინას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები