დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბლინკენი: ძალების გაზრდა პუტინს უკრაინაზე მოკლე ვადაში თავდასხმის შესაძლებლობას მისცემს

ენტონი ბლინკენი კიევში
Reuters

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში შავიდა. მისი თქმით, ძალების გაზრდით რუსეთს უკრაინაზე მოკლე ვადაში თავდასხმის შესაძლებლობა ექნება.

"ვიცით, რომ მოკლე ვადაში ძალების კიდევ უფრო გაზრდასთან დაკავშირებული გეგმები არსებობს და ეს პრეზიდენტ პუტინს აძლევს შესაძლებლობას, ასევე მოკლე ვადაში, უკრაინის წინააღმდეგ მიიღოს მომდევნო აგრესიული ქმედებები", – თქვა ბლინკენმა.

ბლინკენი უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების თავმოყრას "უმიზეზოს" ეძახის.

უკრაინაში ვიზიტის დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა იმედი, რომ დაძაბულობა დიპლომატიით გადაიჭრება, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზეა დამოკიდებული. 

"მე ძლიერ, ძლიერ ვიმედოვნებ, რომ [მოვლენები] დიპლომატიითა და მშვიდობით გაგრძელდება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს პუტინზეა დამოკიდებული", – თქვა ენტონი ბლინკენმა. 

21 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. 


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები