მიხეილ სააკაშვილი

ადვოკატები: სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში მოთხოვნა შეგვაქვს

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ადვოკატებს სააკაშვილის, როგორც "არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის მსხვერპლის" დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით საქართველოს პროკურატურაში განცხადება შეაქვთ. 

"ჩვენ დღეს გენერალურ პროკურატურის წინ ვიმყოფებით იმისათვის, რომ შევიტანოთ განცხადება, მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, როგორც არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის მსხვერპლის. პირველ რიგში, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს დღეს იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითხზე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორთან მასალების გაცვლა-გამოცვლა გვაქვს, თუმცა არსებობს მასალები, რომლებზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში, ეს არის ამ არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის, წამების ამსახველი მთელი ვიდეო მასალა, სრული მარშრუტი - ჩასმა, გადმოყვანა, გზაში რა ხდებოდა და ა.შ". - ამბობს გვარამია. 

ნიკა გვარამია სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას მოუწოდებს, აღნიშნულზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ - "სასურველი იქნება, საჯაროდ". 

"ჩვენ არ გვაქვს დიდი ილუზია, რომ დაზარალებულად ვიქნებით ცნობილი ამ საქმეზე, შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორს მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეო მასალა, რადგან ამასთან დაკავშირებით დაზარალებულ სააკაშვილის თანხმობა არსებობს. ის ასევე მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მოხდეს გამოქვეყნება. ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას - ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება, ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, არამედ კომისიური სახით ჩატარებული სრული სამედიცინო ექსპერტიზა". - ამბობს ნიკა გვარამია.  

2021 წლის 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების საქმეზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა დაეკისრათ. ინსპექტორის განმარტებით, უწყებებს პასუხისმგებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის დაეკისრათ. 

თუმცა, 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სააკაშვილის პერსონალური მონაცემებისა და N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროების გამო ინსპექტორის სამსახურის მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, გაუქმდა იუსტიციის სამინისტროზე დაკისრებული ჯარიმა და სოციალური ქსელიდან მიხეილ სააკაშვილის კადრების წაშლის ვალდებულება. 17 იანვარს სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა

მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

კომენტარები