უკრაინა

"ციხეში თავს არ ჩავასმევინებ" – პოროშენკო ვარშავა-კიევის რეისით უკრაინაში დაბრუნდა

პეტრო პოროშენკო ვარშავა-კიევის რეისზე
Українська правда

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პარტია ევროპული სოლიდარობის ლიდერი, სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი პეტრო პოროშენკო, რომლის დაკავების ნებართვაც გაცემულია, უკრაინაში ვარშავა-კიევის რეისით გაემართა და დანიშნულების ადგილს მიაღწია. აეროპორტში სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, გამოძიების ბიუროს წარმომადგენლებს პოროშენკო არ დაუკავებიათ, თუმცა პეჩერსკის (კიევის ერთ-ერთი რაიონი) სასამართლოში გამოიძახეს.

თავდაპირველად პოროშენკოს პასპორტი ჩამოართვეს და არ უბრუნებდნენ, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, საბოლოოდ დაუბრუნეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოროშენკო 17 იანვრის 11 საათისთვის (უკრაინის ადგილობრივი დროით) პეჩერსკის სასამართლოში უნდა იმყოფებოდეს.

"თავს ციხეში არ ჩავასმევინებ, მე ტიმოშენკო არ ვარ", – თქვა პოროშენკომ უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

უკრაინული მედიის ცნობით, პოროშენკოს აეროპორტში ათასზე მეტი მხარდამჭერი ელოდებოდა.

"ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს, 17 იანვარს, 9:10 საათზე ვარშავიდან უკრაინაში გამოვფრინდები. რა თქმა უნდა არა იმისთვის, რომ თქვენგან თავი დავიცვა, არამედ იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვა რუსული აგრესიისგან. აქ, ბრიუსელში ყველა ამბობს, რომ ეს საფრთხეა მთელი ევროპისთვის და არა მხოლოდ უკრაინისთვის და ეს შესაძლოა ბოლო 30 წელში ყველაზე დიდი საფრთხეა, თუმცა თქვენ ეს არ გესმით", – 15 იანვარს მიმართა პოროშენკომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

2022 წლის 6 იანვარს უკრაინის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება და აქტივები დააყადაღა

12 იანვარს პოროშენკოს ადვოკატმა თქვა, რომ კიევის სასამართლომ ექსპრეზიდენტის დაკავების ნებართვა გასცა.

პეტრო პოროშენკო, რომელიც, ევრომაიდანის მოვლენების შემდეგ აირჩიეს და პრეზიდენტის თანამდებობას 2014-2019 წლებში იკავებდა, და პარტია ევროპული სოლიდარობის ლიდერია სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. სისხლის სამართლის საქმე ეხება დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემას.

პოროშენკოსთან დაკავშირებით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდებაზე საქმის გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ფინანსური ტერორიზმის, სახელმწიფო ღალატის და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით. ამ მუხლებით წაყენებული ბრალი ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები უკრაინის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობით და გენერალური პროკურორის ოფისის ხელმძღვანელობით იძიებენ სისხლის სამართლის საქმეს უკრაინის მოქალაქეების მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემის ორგანიზებასა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან" და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან" თანამშრომლობაზე. უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ძირითადად რუსეთის ფედერაციის უმაღლესი მმართველობის პირებით შედგენილ ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდა და ხელს უწყობდა ტერორისტული ორგანიზაციების "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" საქმიანობას" – ნათქვამი იყო სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში.

პოროშენკოს ბრალი 20 დეკემბერს წაუყენეს. ამის შემდეგ, პოროშენკომ თქვა, რომ ის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. 

დეკემბერში უკრაინის ექსპრეზიდენტმა ვიდეო მიმართვა პოლონეთიდან, ვარშავიდან გაავრცელა. მისი თქმით, ის აქ ევროპელ პოლიტიკოსებს ხვდება და აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ "უკრაინის მხარდამჭერი ძლიერი კოალიცია" შექმნას.

კომენტარები