უკრაინა

პოროშენკო: ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს, 17 იანვარს უკრაინაში ვბრუნდები

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით, ის 17 იანვარს, 9:10 საათზე ვარშავიდან უკრაინაში გაფრინდება. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა Facebook-ზე გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა.

"ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს, 17 იანვარს, 9:10 საათზე ვარშავიდან უკრაინაში გამოვფრინდები. რა თქმა უნდა არა იმისთვის, რომ თქვენგან თავი დავიცვა, არამედ იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვა რუსული აგრესიისგან. აქ, ბრიუსელში ყველა ამბობს, რომ ეს საფრთხეა მთელი ევროპისთვის და არა მხოლოდ უკრაინისთვის და ეს შესაძლოა ბოლო 30 წელში ყველაზე დიდი საფრთხეა, თუმცა თქვენ ეს არ გესმით". – ამბობს პოროშენკო

პოროშენკოს თქმით, მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ცდილობს ქვეყანაში დემოკრატიის დიქტატურით ჩანაცვლებას, რადგან მას მომდევნო არჩევნებზე ძალაუფლების დაკარგვის ეშინია. 

"შენ ცდილობ ისე მოიქცე, როგორც ისინი იქცევიან, ვინც თავს დიქტატორებად თვლიან. ცდილობ დემოკრატია დიქტატურად გადააქციო. შენ გინდა, რომ მაჟორიტარული სისტემა დააბრუნო, რათა ამომრჩეველთა ხმები წიწიბურით იყიდო, რადგან ეს შენი ერთადერთი შანსია. გინდა, რომ დემოკრატია გაანადგურო, ისე, როგორც ეს 2021 წლის არჩევნებზე გააკეთე. გეშინია საპარლამენტო არჩევნების და შესაბამისად გინდა, რომ ის გადაავადო, რადგან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე შანსი აღარ დაგრჩება". – თქვა პოროშენკომ

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთისგან მომდინარე საფრთეზე და აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება გადამწყვეტი და ერთიანი მოქმედება, რათა თავი დაიცვას როგორც სამხედრო თავდასხმისგან, ასევე რუსეთის გავლენისგან.

"უკრაინას ახლა გადამწყვეტი და ერთიანი მოქმედება სჭირდება. მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა პარლამენტები იკრიბებიან უკრაინის საკითხის გარშემო, რათა ერთიანად იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები, რაც დაეხმარება უკრაინას, ევროპას და მთელ მსოფლიოს. ერთადერთი ქვეყანა, სადაც პარლამენტი არ აპირებს უკრაინის უსაფრთხოების საკითხის განხილვას, არის უკრაინა. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ხელისუფლებას, მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი ხედვები და მივცეთ რჩევები, მზად ვართ დავეხმაროთ ზელენსკის, რადგან ის არის პრეზიდენტი". – თქვა პოროშენკომ

 

6 იანვარს უკრაინის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება და აქტივები დააყადაღა

პეტრო პოროშენკო, რომელიც, ევრომაიდანის მოვლენების შემდეგ აირჩიეს და პრეზიდენტის თანამდებობას 2014-2019 წლებში იკავებდა, და პარტია ევროპული სოლიდარობის ლიდერია სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. სისხლის სამართლის საქმე ეხება დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემას.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირის მიწოდებასთან დაკავშირებით საქმის გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ფინანსური ტერორიზმის, სახელმწიფო ღალატის და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით. ამ მუხლებით წაყენებული ბრალი ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოროშენკოს ბრალი 20 დეკემბერს წაუყენეს. ამის შემდეგ, პოროშენკომ თქვა, რომ ის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. 

უკრაინის ექსპრეზიდენტმა ვიდეო მიმართვა პოლონეთიდან, ვარშავიდან გაავრცელა. მისი თქმით, ის აქ ევროპელ პოლიტიკოსებს ხვდება და აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ "უკრაინის მხარდამჭერი ძლიერი კოალიცია" შექმნას.

კომენტარები